რთულია იწინასწარმეტყველო რუსეთის მომავალი, მაგრამ უფრო რთულია მისი წარსულის ამოცნობა. რუსეთის ისტორია ევროპის ნებისმიერ ქვეყანაზე არანაკლებ საიდუმლოს ინახავს, თუმცა უკვე სამი საუკუნეა არ წყდება კამათი რუსეთის გამარჯვებებსა და დანაკარგების შესახებ. რუსები მხოლოდ ერთ რამეზე თანხმდებიან, რომ რუსეთი არის „მესამე რომი“ – დაპყრობილი და დატყვევებული ერების ნამდვილი კეთილმოსურნე ქვეყანა. სხვათა შორის, ყველა ზეიმობს საბჭოთა კავშირის იმპერიის დაშლას, მხოლოდ რუსეთი წუხს „დიადი“ იმპერიის ჩამონგრევაზე.

არა მხოლოდ პროფესიონალი პატრიოტები, არამედ ნებისმიერი რუსი სკოლის მოსწავლე დარწმუნებულია, რომ მთელი სამყარო მისი ქვეყნის წინაშე ენითაღუწერელ ვალშია, თუმცა ყველაზე მეტად მაინც საქართველო უნდა უმადლოდეს რუსეთს. დიდხანს და მონდომებით, თაობიდან თაობას უაზრო ისტორიული მითებითა და ლეგენდებით უვსებდნენ თავს. განსაკუთრებულ პოპულარულია ლეგენდა ქართველების შესახებ. თითქოს ისინი ემუდარებოდნენ დამპყრობელ რუსებს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნას და იმპერატორი ალექსანდრე პირველი როგორც იქნა დათანხმდა. ლეგენდის თანახმად, ალექსანდრე პირველმა ეს გადაწყვეტილება არა პირადი ინტერესების გამო, არამედ ერთმორწმუნე მეზობლების გადასარჩენად მიიღო. ასეთი „მყარი“ ფალსიფიცირებული წარმოდგენა არსებობს რუსულ მენტალობაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დიდხნიანი ისტორიის შესახებ.

ქართველებს, ამასთან დაკავშირებით სულ სხვა შეხედულება აქვთ და ეს გამოწვეულია არა ემოციური ფონით, არამედ დიდი ისტორიული მეხსიერებით და უტყუარი ფაქტებით. არსებობს უამრავი რთული კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა ორივე ქვეყნის ისტორიკოსებს შეუძლიათ, თუმცა არსებობს კონკრეტული მოვლენები, რომლებსაც ქართველები ნაციონალურ შეურაცხყოფად და დამცირებად მიიჩნევენ. სწორედ ამ ეპიზოდებზე ვისაუბრებთ დღეს.

1. იმპერატორ ალექსანდრე პირველის 1801 წლის მანიფესტი საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ

გეორგიევსკის ტრაქტატი

გეორგიევსკის ტრაქტატი

გეორგიევსკის ტრაქტატი, რომელიც რუსეთის იმპერატორ ეკატერინესა და საქართველოს მეფეს, ერეკლეს შორის გაფორმდა, საქართველოსთვის ერთადერთი უჩვეულო ხელშეკრულება არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც მონღოლებმა მეცამეტე საუკუნეში საქართველოს ერთიანი სახელმწიფო გაანადგურეს, საქართველოს სამეფო მეთვრამეტე საუკუნემდე სპარსეთისა და თურქეთის წნეხისგან ვერაფრით გათავისუფლდა. ქართველებს ძალიან არ გაუმართლათ მეზობლებში, სწორედ ამიტომ ამ პერიოდს შეგვიძლია ვუწოდოთ მუსლიმურ ქვეყნებთან დადებული ტრაქტატების საუკუნე.

საქმე ისაა, რომ აღმოსავლეთ საქართველო იძულებული იყო ხარკი ეხადა ირანისთვის, ხოლო დასავლეთ საქართველო – თურქეთისთვის. ქართველები სულის მოთქმას მხოლოდ თურქეთ-ირანული ომების დროს ახერხებდნენ. საბედნიეროდ,ახლო აღმოსავლეთში ბატონობისთვის, ეს მუსულმანი დამპყრობლები საკმაოდ ხშირად იბრძოდნენ ერთმანეთში, თუმცა ეს დრო, როგორც ჩანს, საქართველოს მმართველებისთვის ქვეყნის გასაძლიერებლად და გასაერთიანებლად საკმარისი არ იყო. საქართველო თითქმის ხუთი საუკუნის განმავლობაში ლავირებდა თეირანულ და თურქულ „მფარველობას“ შორის, მაგრამ „მფარველობა“ იშვიათად მოიცავდა დამპყრობლებისთვის მხოლოდ ფულის გადახდას. ის უფრო ხშირად ვასალური დამოკიდებულის აღიარებით, ტერიტორიების ოკუპირებითა და განსაკუთრებულ შემთხვევებში, ქართული ჯარის სათავისოდ გამოყენებით გამოიხატებოდა.

georgia-XV

ქართველებს ერთი სადარდებელი არ ასვენებდათ: მეგობრობა და მეტიც, მფარველობის მიღება უწევდათ „ბინძური მოღალატეებისგან“. საბოლოო ჯამში კი საქართველოს მუდამ უწევდა მუსლიმ დამპყრობლებთან ომი. ქართველები იშვიათად აღწევდნენ წარმატებას მათ წინააღმდეგ, უფრო ხშირად ყველაფერი გრანდიოზული სისხლის ღვრითა და მარცხით მთავრდებოდა.

რა აღარ მოიფიქრეს სპარსელებმა და თურქებმა. პირველ ეტაპზე სამეფო ოჯახებიდან ტყვეები აჰყავდათ, რომლებიც სიმდიდრესა და კომფორტში ცხოვრობდნენ, მაგრამ ქართველი მეფეების ერთგულების შემთხვევაში თავებს კვეთდნენ. შემდეგ მეფეების ქალიშვილების ან დების ცოლად შერთვა დაიწყეს, ხანდახან კი მართლმადიდებელ მეფეებს სარწმუნოების შეცვლასა და ისლამზე გადასვლას აიძულებდნენ, თუმცა საქართველო დიდი ხნით არასდროს ეგუებოდა მონობას. უბრალო ხალხს ძვირად უჯდებოდა საკუთარი მმართველების მებრძოლი სული, მაგრამ არც ისინი იყვნენ მორჩილებისთვის დაბადებულნი.

ათასობით ქართველი თმობდა საკუთარ სიცოცხლეს, არადა გადარჩენისთვის უფრო მარტივი გზაც არსებობდა. საკმარისი იყო რელიგიურ მრწამსზე უარის თქმა და „არ არის სხვა ღმერთი ალაჰის გარდას“ ძახილი, რომ აჯანყებულები სიკვდილით დასჯის ნაცვლად მორჩილებისთვის ფულს მიიღებდნენ. სიმართლე კი ისაა, რომ ასეთი ქართველების პოვნა ძალიან რთული იყო.

სხვათა შორის, არც ერთ მუსლიმ მმართველს არასდროს გაუნადგურებია ბოლომდე საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ქართველებს უწევდათ ხარკის გადახდა, ღირსებისა და პრინციპების დათმობა, ტერიტორიების დათმობა და სისხლის ღვრაც კი, თუმცა ნაციონალური სუვერენიტეტის სრულად დაკარგვა დღის წესრიგში არასდროს დამდგარა.

და აი, როგორც იქნა, ერთმორწმუნე „მოძმე“ ერმა, რუსეთმა დაიწყო მოძლიერება, ტერიტორიების გაფართოება და საკუთარი გავლენის გავრცელება ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ.

1783 წელს ხელი მოეწერა გეორგიევსკის ტრაქტატს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველაზე დიდი სამეფოს, ქართლ-კახეთის ტერიტორიის დაცვის პასუხისმგებლობას რუსეთი იღებდა საკუთარ თავზე. რუსები ქართველებს არამარტო დაცვას, არამედ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებასაც დაჰპირდა.

სულ მალე, ქართველებმა რუსებს შეთანხმების პირობების შესრულება სთხოვეს, თუმცა სპარსეთის მორიგი შემოსევის დროს, გენერალი ტოტლებენის არმია აორთქლდა და მეფე ერეკლე მარტოდ-მარტო დარჩა სპარსეთის შაჰის აღა-მაჰმად-ხანის არმადის წინააღმდეგ.

ამ ბრძოლას წინ უძღოდა სპარსეთის შაჰის გაფრთხილება ერეკლე მეორის მიმართ, რომლის მიხედვითაც აღა-მაჰმად-ხანი ქართლ-კახეთში სპარსელების ბატონობის აღიარებას და რუსეთთან კავშირის გაწყვეტას ითხოვდა.

ერეკლე მეორეს სწამდა ტრაქტატის შინაარსის და მისი ერთგული რჩებოდა, ამიტომ შაჰს მორჩილებაზე უარი განუცხადა. მოგვიანებით, როდესაც სპარსელები საქარველოს 35 ათასიანი არმიით დაესხნენ თავს, რუსები არ გამოჩენილან, არადა ერეკლეს მათი იმედი ჰქონდა და ომისთვის საჭირო წინასწარი ღონისძიებების გატარება ვერ მოასწრო. ეს ბრძოლა ისტორიაში კრწანისის ბრძოლის სახელით არის ცნობილი. ქართველების საამაყოდ უნდა ითქვას, რომ შვიდათასიანმა არმიამ რაღაც სასწაულით შეძლო შაჰის არმიის შეკავება, თუმცა მხოლოდ ორი დღით. კრწანისში დაბანაკებულმა შაჰმა, მესამე დღეს ქართველებზე გადამწყვეტი დარტყმა მიიტანა. შედეგად, ქართველები დამარცხდნენ, სპარსელებმა თბილისი აიღეს და 15 ათასი ქართველი ტყვედ წაიყვანეს. სხვათა შორის, ეს ის ბრძოლაა, სადაც სამასი არაგველი იბრძოდა. – მთარგმნელის შენიშვნა.

როგორც აღმოჩნდა, ტრაქტატის ხელმომწერი ქვეყანა, ე.წ მოკავშირე რუსეთი, სინამდვილეში სულ სხვა გეგმებს აწყობდა საქართველოსთან მიმართებაში.

1801 წელს, ალექსანდრე პირველმა გამოსცა მანიფესტი, რომლის თანახმადაც, რუსეთის იმპერატორმა, დასუსტებული და დაჩაჩანაკებული ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის ნაწილად გამოაცხადა. მანიფესტში უამრავი მაღალფარდოვანი, გულში ჩამწვდომი სიტყვები ეწერა, მაგრამ არსად იყო ნახსენები ქართველების პოზიცია. ყველა ბაგრატიონი, ვისაც კი შეიძლებოდა ტახტზე პრეტენზია ჰქონოდა, რუსეთში წაიყვანეს და მცირე ქონება მიანიჭეს, სანაცვლოდ კი სამუდამოდ ჩამოართვეს ტახტი და სამეფო გვარი.

„უმადური ქართველების“ მიერ დაყენებული პრეტენზიების საპასუხოდ, რუსს ისტორიკოსებს „რკინის“ არგუმენტი აქვთ, რომელსაც ხშირად იყენებენ. მათი თქმით, თურმე, რუსეთის მოქმედებებმა საქართველო სრული განადგურებისგან იხსნა. სხვათა შორის, თურქებმა ვერ შეძლეს ბერძნების განადგურება, ვერც ბულგარელების, ვერც ბალკანეთის რეგიონის სხვა ქრისტიანული ქვეყნების. ანატოლიის, ლებანონისა და პალესტინის ქრისტიანებიც ცხოვრობდნენ ოდესღაც ოსმალეთის იმპერიის ქვეშ, მართალია უთანასწორო პირობებში, მაგრამ მაინც გადარჩნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, როგორღაც სომხებსაც კარგად გამოსდიოდათ თავის გადარჩენა და არსებობა, სანამ რუსეთმა არ უბიძგა თურქებს სომხების გენოციდისკენ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე. სამაგიეროდ, ქართველები უაზრო რაოდენობით იხოცებოდნენ ყველა ომში, რომელიც რუსეთმა 1812 წლიდან 1945 წლამდე აწარმოა.

2. წმინდა სინოდის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 1847 წელს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ავტოკეფალია გაუუქმდა

sameba-kazbegi_57d15028211bb

საქართველომ ქრისტიანობა 337 წელს მიიღო, რუსეთზე 650 წლით ადრე და ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობის პირველივე დღიდან მოყოლებული, არავის არასდროს უცდია ავტოკეფალიის გაუქმება საქართველოსთვის. უძლიერესი და ყოვლისშემძლე ბიზანტიაც კი, არასდროს შეხებია ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობას. ქართველები თხუთმეტი საუკუნის განმავლობაში ებრძოდნენ დამპყრობლებს, მათ შორის თურქებს, სპარსელებს, არაბებს, მონღოლებს და ა.შ., მაგრამ რაც არ უნდა დიდი გასაჭირი დასტყდომოდათ თავს, მათ არავინ უკრძალავდა საკუთარ ენაზე ლოცვას, შვილების ქართული წესისამებრ მონათვლას, ქართული სახელების დარქმევას. არავინ კარნახობდა მათ საეკლესიო რიტუალებს კონსტანტინოპოლიდან ან თეირანიდან, არც იმას, ვინ დაენიშნათ პატრიარქად, ან ვის ჩაეტარებინა ლოცვები.

ალექსანდრე პირველის მანიფესტზე მელანიც კი არ იყო შეშრობილი, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა საოცარი გადაწყვეტილებები რომ მიიღო.

პირველ რიგში, მათი გადაწყვეტილებით გადაასახლეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II, ხოლო მოგვიანებით კი მოკლეს. არადა, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის ხელშეუხებლობის საკითხი ტრაქტატში საგანგებოდ იყო შეთანხმებული.

რუსეთი არასდროს ასრულებდა საერთაშორისო ხელშეკრულებებს, მაგრამ გეორგიევსკის ტრაქტატის შემთხვევაში, ყველა უწინდელ „დამსახურებას“ გადააჭარბა და ტრაქტატის აბსოლუტურად ყველა პირობა დაარღვია. მათ შორის, პუნქტი ორი ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიის თანამშრომლობის შესახებ.

რუს „საეკლესიო მამებს“ ხელიც არ აკანკალებიათ ისე გააუქმეს საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია, რომელიც მათ აღმოცენებამდე რამდენიმე ასწლეულით ადრე აწარმოებდა საეკლესიო საქმიანობას.

სინამდვილეში, რუსები ეკლესიას საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი კოლონიების ქართველებისთვის დასაპირისპირებლად იყენებდნენ. რუსები აფხაზებსა და ოსებს ჰპირდებოდნენ, რომ საეკლესიო საქმიანობა მათ ტერიტორიაზე მათსავე ენაზე შესრულდებოდა, რის შედეგადაც აფხაზები და ოსები უარს ამბობდნენ ქართველ მღვდელმსახურებსა და ქართულ ენაზე. სანაცვლოდ მოხდა ის, რომ ამ რეგიონებში საეკლესიო საქმიანობა რუსულ ენაზე აღევლინა. „ცარიზმმა“ გარკვეულ წარმატებას მიაღწია აფხაზური ეკლესიის გარუსებაში და მეტიც, ძალიან ბევრ აფხაზს ქრისტიანობიდან ისლამზე გადასვლაში ხელი შეუწყო.

ქართველებს განსაკუთრებულად დაამახსოვრდათ რუსეთის მორიგი „გმირობა“, როცა ქუთაისისა და გელათის მიტროპოლიტები დაუნდობლად მოკლეს.

1820 წელს ორი საეკლესიო პირი შეიპყრეს, თავზე ტომარა ჩამოაფარეს და თბილისისკენ ფეხშიშველა იძულებით წამოიყვანეს. მთელი ამ გრძელი გზის განმავლობაში ყაზახები ქართველ მღვდელმთავრებს შოლტავდნენ და დასვენების უფლებას არ აძლევდნენ. გასაკვირი არ არის, რომ ქუთაისის მიტროპოლიტმა სურამში განუტევა სული. არც გელათის მიტროპოლიტს მიუღწევია თბილისამდე, ისიც გზაში გარდაიცვალა.

3. ეროვნული აჯანყებების ჩახშობა

ნდობა დაკარგული რუსეთის მიმართ პროტესტს მხოლოდ საეკლესიო საზოგადოება არ გამოხატავდა. რუსეთის მიერ დამყარებული რეჟიმის გამო ქართველი დიდებულებიც არანაკლებ იყვნენ გაწბილებულები. არადა, თითქოს რუსებმა ყველაფერი კარგად გათვალეს. სამეფო გვარის წარმომადგენლები დიდი ხანი იტანჯებოდნენ გადასახლებებში, უმაღლესი არისტოკრატიის წამომადგენლების ამბიციები კი შესაბამისად იყო დაკმაყოფილებული, მათ ხშირად აჯილდოებდნენ ჩინ-მედლებით და დაახლოებულები იყვნენ ხელისუფლებასთან. რჩებოდნენ მხოლოდ შედარებით დაბალი ფენის თავადები, ცნობილი როგორც აზნაურები, რომელთათვისაც რუსეთის სამეფო კარზე საჭირო ადგილი არ მოიძებნა. იმ დროინდელი აზნაურების სტატუსი, რაღაცით იაპონელი სამურაების სტატუსს ჰგავდა. მათ ჰქონდათ მზაობა ნებისმიერ დროს გაეწირათ თავი საკუთარი სამშობლოსთვის. აქვე უნდა ითქვას, რომ, ჩვეულებრივ, აჯანყებებს არა აზნაურები, არამედ სამეფო ოჯახის წევრები გეგმავდნენ, აზნაურები კი მათ დავალებებს ასრულებდნენ და გეგმას მიყვებოდნენ.

პირველი აჯანყება 1802 წელს დაიგეგმა, რომელიც სასტიკად იქნა ჩახშული, მაგრამ მიუხედავად ამისა, აჯანყებების ტალღა 1804 წელსაც გაგრძელდა. 1812 წელს კახეთი აჯანყდა, ხოლო 1819-1820 წლებში იმერეთი და გურიაც შეუერთდნენ. საბოლოო ჯამში, 1832 წელს გრანდიოზული აჯანყება დაიგეგმა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ როგორც სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, ასევე თავად-აზნაურებიც, თუმცა არაფერი გამოვიდა, ყველა აჯანყება წარუმატებლად დასრულდა.

1832 წლის აჯანყების შეთქმულება რუსეთში გადასახლებული ბატონიშვილების წრეში ჩაისახა. პეტერბურგში მცხოვრებმა დიმიტრი იულონის ძემ და მოსკოვში იძულებით გადასახლებულმა გიორგი მეთორმეტის ძემ რუსეთში სასწავლებლად ჩასული ახალგაზრდები შეკრიბეს და მომავალი შეიარაღებული აჯანყების დაგეგმვა დაიწყეს.

აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი ელიზბარ ერისთავი იყო, მოგვიანებით კი საქმეში სოლომონ დოდაშვილიც ჩაერთო. აჯანყების ორგანიზება თბილისში გაგრძელდა და გადაწყდა, რომ მოქმედება 1832 წლის დეკემბერში დაიწყებოდა. აჯანყებამდე რამდენიმე დღით ადრე, შეთქმულების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, იასე ფალავანდიშვილმა აჯანყების შესახებ თავის ძმას აცნობა, რომელსაც რუსეთის მეფისნაცვლის ადმინისტრაციაში მაღალი თანამდებობა ეკავა და რომელმაც შეთქმულების გეგმა მეფის რუსეთს მოახსენა. შედეგად, ნიკოლოზ I-მა აჯანყებულები რუსეთის შორეულ მხარეებში გადაასახლა. – მთარგმნელის შენიშვნა.

არ ღირს სხვა შეთქმულებების გახსენება, ვინაიდან ისედაც ნათელია ერთი მარტივი რამ, რომ ქართველებისთვის არც ისე ადვილი და მისაღები იყო „ერთმორწმუნე“ რუსების კონტროლის ქვეშ ცხოვრება. რუსების წინააღმდეგ ბრძოლა ქართველებმა იმ დღიდანვე დაიწყეს, რაც რუსეთმა საქართველოს შეერთების შესახებ მშვიდობიანი მანიფესტი გამოსცა.

საგულისხმოა ისიც, რომ რუსების წინააღმდეგ იბრძოდა სწორედ ის თაობა, რომელიც კარგად იცნობდა თურქებსა და ირანელებს. ძველ დამპყრობლებსა და იმჟამინდელ „მფარველებს“ შორის შედარება, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ნამდვილად არ მეტყველებს.

4. 1826-32 წლები. მესხეთსა და ჯავახეთში სომხების შესახლება

Ivan-Paskevich

გრაფი პასკევიჩი

გრაფი ივან ფეოდოროვიჩ პასკევიჩი რუსული კოლონიზაციური ომების ნამდვილი გმირი იყო. მისი საბრძოლო ხელოვნება რუსულ ტრადიციებს არ შეესაბამებოდა, იგი იმარჯვებდა არა რაოდენობით, არამედ ჭკუითა და მოხერხებულობით, რის გამოც ყველა დიდი ჯილდო ჰქონდა მიღებული. დენის დავიდოვი პასკევიჩის ავტორიტეტს ჩრდილს აყენებს იმ არგუმენტით, რომ ის უბრალო ბელორუსი იყო. იმავე „ბრალს“ უყენებს პოტიომკინს, არადა ორივე ბელორუსმა რუსეთის მზარდ იმპერიას საუკეთესი მიწები მოაპოვებინა. თუმცა ერთი დიდი ნაკლი მაინც ჰქონდა: ღმერთმა მას ადმინისტრაციული უნარები არ დაანათლა.

სამხედრო გამარჯვებების კონსოლიდაციისთვის, პასკევიჩმა გადაწყვიტა მესხეთ-ჯავახეთი მუსულმანი მოსახლეობისგან გაეწმინდა, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მსხვერპლნი გახდნენ ის ქართველებიც, რომლებიც მუსლიმური აღმსარებლობის იყვნენ და ჯერ კიდევ თურქებად მიიჩნევდნენ თავს. შეიძლებოდა, რომ მათთან ემუშავათ და ქართულ რწმენასა და ადათ-წესებზე დაებრუნებინათ, მაგრამ ასე არ მოხდა! ქართველ მღვდლებს საშუალებას არ აძლევდნენ ისინი ქრისტიანულად მოენათლათ, ქვეყნიდან აძევებდნენ როგორც მტრებსა და უცხოებს, მათ ნაცვლად კი ტერიტორიებს ეპატრონებოდნენ სომხები და რუსი სექტანტები. ასე ქრებოდა ქართული კულტურა და ქართული ცნობიერება სამხრეთ საქართველოში.

ეს იყო ბევრიდან ერთ-ერთი ნაღმი, რომელიც რუსეთმა დადო. ის 1944 წლამდე წიკწიკებდა, როდესაც ბოლო მესხებიც გაასახლეს ჯავახეთიდან. გამოდის, რომ საქართველოს ისტორიული პროვინცია, რომელსაც ქართველები სისხლის ფასად იცავდნენ, მონოეთნიკურ სომხურ რეგიონად გადაიქცა. როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირმა ეს არ იკმარა და ახალქალაქი და ახალციხე სასაზღვრო ზონებად გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებით, ორივე რაიონი ფაქტობრივად მოკვეთილი იყო დანარჩენი საქართველოსგან, ვინაიდან ამ რეგიონებში შესასვლელად სპეციალური ცნობა იყო საჭირო. სამაგიეროდ, სასაზღვრო ზონაში ჩასახლებული სომხებისთვის, ჯავახეთში გადასვლა პრობლემას არ წარმოადგენდა.

5. იმპერიული ძალის ტერიტორიული აგრესია

georgia-XVIII

საქართველომ რუსეთთან ხელშეკრულება პროტექტორატის შესახებ იმ რწმენით გააფორმა, რომ შეძლებდნენ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას. ეს შეთანხმება გეორგიევსკის ტრაქტატის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი იყო.

ვინ იფიქრებდა, რომ უდიდესი ჩრდილოელი მეზობელი დაცვისა და დახმარების ნაცვლად, ქართული სახელმწიფოებრიობის სრულ განადგურებას განიზრახავდა? საქართველოს თვალისდაუხამხამებლად დაპყრობის შემდგომ, იმპერიამ რუკის სათავისოდ გადაკეთება დაიწყო. ისტორიული პროვინციებისა და სამეფოების ნაცვლად, საქართველო თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებად დაიყო. მთლიანად გადაკეთებული საქართველოს მიღმა დარჩა შავი ზღვის ტერიტორია ფსოუდან ჯუბგიმდე, სადაც დღეს განლაგებულია ე.წ. დიდი სოჭი. სოჭი დღეს რუსეთის კონტროლის ქვეშაა, არადა ამ ქალაქის სახელიც კი უძველესი ქართულის გადმონაშთია.

ამ მიწებზე სახლდებოდნენ ყაზახები და სხვადასხვა წარმოშობის კოლონისტები, ძირძველ მაცხოვრებლებს კი აძევებდნენ ან ეთნიკურ უმცირესობად იქცეოდნენ და მათი დისკრიმინაცია მიმდინარეობდა.

ამასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ რჩებოდა თურქეთის კონტროლის ქვეშ. ეს რეალობა მხოლოდ 1877 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ შეიცვალა, როდესაც აჭარა და მისი დედაქალაქი ბათუმი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში დაბრუნდა. ყველაზე დიდი საოცრება, სულ რაღაც 40 წლის შემდეგ მოხდა, 1918 წლის 3 მარტს, როცა საბჭოთა კავშირმა და გერმანიამ ბრესტ-ლიტოვსკის ზავი გააფორმეს. ამ შეთანხმების მიხედვით, გერმანიის მოკავშირე თურქეთი მოიცავდა არდაღანის, ართვინის, ბათუმისა და ოლტინსკის ტერიტორიებს, როცა თავად თურქეთს ამ ტერიტორიებზე პრეტენზია არ გააჩნდა. თურქეთისა და გერმანიის გასაკვირადაც კი, საბჭოთა რუსეთმა თურქეთს პირდაპირი მნიშვნელობით გადაულოცა საქართველოს მიწები – ბათუმი, ტაო, შავშეთი და სხვები. ამ გადაწყვეტილებით, საქართველო ფაქტობრივად თურქული ოკუპაციის საშიშროების წინაშე დადგა. სწორედ ამ დროს, ბოლშევიკურმა ძალამ შიდა ქართლსა და ოსეთში აჯანყება მოაწყო. საქართველოს მმართველებმა დახმარებისთვის გერმანიას მიმართეს, რომელმაც საკუთარ თავზე შუამავლის როლი აიღო და თურქეთი ოკუპირებული ტერიტორიების ნახევრის დათმობა აიძულა, თუმცა ამის ფაქტობრივი შესრულება საკმაოდ გვიან მოხდა.

6. 1921 წელს წითელი არმიის ინტერვენცია და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იძულებით შესვლა

1921-tebervali

პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთში მომხდარი რევოლუციების შედეგად, 1918 წლის მაისში საქართველომ ნანატრი დამოუკიდებლობა მოიპოვა. ქვეყანა ძალას იკრებდა და ყველაფერი თითქოს იქითკენ მიდიოდა, რომ ქართველები გაიზიარებდნენ პოლონელების, ფინელებისა და ბალტიისპირა ქვეყნების ბედს, რომლებიც დაუბრუნდნენ ცივილიზებული ქვეყნების ოჯახს და სწრაფად განიცადეს პროგრესი. ვერც ევროპასა და ამერიკაში მიმდინარე მწვავე ეკონომიკურმა კრიზისმა, ვერც ცარისტული იმპერიის დატოვებულმა მძიმე კვალმა – ვერაფერმა შეძლო ამ ქვეყნების პროგრესისთვის ხელის შეშლა. თუმცა ქართველებს, როგორც ჩანს, იგივე ბედი არ ელოდათ.

ქართველებისთვის ისტორია ერთსა და იმავე ადგილზე ბრუნავდა და ყველაფერი ახლიდან იწყებოდა. 1920 წელს აზერბაიჯანში საბჭოთა ძალამ ძალაუფლება მოიპოვა, ხოლო ამავე წლის ნოემბერში – სომხეთში. კავკასიის რეგიონში დამოუკიდებელ ქვეყნად მხოლოდ საქართველო რჩებოდა. 1921 წლის დასაწყისში ანტანტამ რეგიონის მიმართ ინტერესი დაკარგა, რუსეთში კი სამოქალაქო ომიც მეტ-ნაკლებად ჩაცხრა. ამ მოვლენებმა ახალი იმპერიის ბოლშევიკ მმართველებს მოქმედებისთვის ხელი გაუხსნა, მეტიც, თურქეთის ქემალისტურმა ხელისუფლებამ, რომელიც რუსეთის დახმარებას საჭიროებდა, ხელი შეუწყო კავკასიაში საბჭოთა იმპერიის გამტკიცებას და „ერთმოსისხლე აზერბაიჯანი“ დააღალატა.

georgia-1921

მოკლედ, ყველაფერი საქართველოს გასაბჭოებისკენ მიდიოდა. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ქართველებს ამის სურვილი არ ჰქონდათ. ქართველები მზად იყვნენ ნებისმიერი ნაბიჯის გადასადგმელად, ოღონდ დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ. ბოლშევიკებმა ვერაფრით მოახერხეს ქართველი მუშების აჯანყება, ამიტომ სცადეს ლორის რაიონში მცხოვრები სომხების პროვოცირება. სწორედ საბჭოთა სომხეთის ჯარის დახმრებით შეძლო საბჭოთა რუსეთმა საქართველოში შემოჭრა და საომარი მოქმედებების წამოწყება. მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს მთავრობა ახდენდა ადგილობრივი ბოლშევიკების რეპრესიებს და წითელი არმია სწორედ მათ დასახმარებლად შემოდიოდა საქართველოს ტერიტორიაზე.

მე-11 წითელი არმია საქართველოში სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან შემოიჭრა. იმავდროულად, საბჭოთა რუსეთის მსროლელთა 98–ე ბრიგადა თერგის ცხენოსან დივიზიასთან ერთად ამზადებდა საქართველოზე შეტევას როკისა და მამისონის უღელტეხილებიდან, ხოლო მე–9-ე არმიას სოჭიდან ან აფხაზეთიდან უნდა შეეტია და შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ წაწეულიყო. მოულოდნელი თავდასხმებისთვის საქართველო მზად არ აღმოჩნდა, მეტოქეს ძლიერი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და შედეგად, 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმია საქართველოში შემოვიდა.

რუსეთსა და საქართველოს შორის ბრძოლა საბოლოოდ 18 მარტს დასრულდა. საქართველო გაწითლდა. უკვე ყოფილი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დიდი ნაწილი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო, ხოლო ვინც დარჩა, საგანგებო კომისიის გადაწყვეტილებით, მკაცრად დაისაჯა.

უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა რუსეთის ამ მოქმედებებით დაირღვა 1920 წლის 7 მაისის შეთანხმება საქართველოს ტერიტორიების ხელშეუხებლობის შესახებ. ამრიგად, საქართველომ კვლავ დაკარგა ნაციონალური სუვერენიტეტი და მეორედ იქნა დაპყრობილი რუსეთის მიერ.

7. 1921-27 წლის რეპრესიები

საბჭოთა ხელისუფლების მიმართ აჯანყებები 1921-22 წლებშიც ხდებოდა, როცა სვანეთი, ხევსურეთი და კახეთი საბჭოთა რუსეთისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ, მაგრამ მათი აჯანყებები კარგად დაგეგმილი არ იყო და ადვილად აცხრობდნენ. შედარებით ორგანიზებული იყო 1924 წლის აჯანყება, თუმცა შედეგი არც მას მოჰყოლია. აჯანყებულებს და მათთან დაკავშირებულ ადამიანებს დაუნდობელი სისასტიკით უსწორდებოდა საბჭოთა რეჟიმი, ამიტომ ამის შემდეგ რეჟიმის წინააღმდეგ ღია დაპირისპირება აღარ ყოფილა. საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ საბჭოთა კავშირში, დიქტატურა დამყარდა.

თუმცა, საბჭოთა კავშირს არ აკმაყოფილებდა უბრალოდ მორჩილება, მას სურდა უპირობო ერთგულება, ამიტომ რეჟიმის მიმართ „მტრულად განწყობილი კლასი“ ყველა შემთხვევაში განწირული იყო. სასულიერო პირები, თავად-აზნაურები და მეწარმეები რეპრესიების ან ფიზიკური განადგურების მსხვერპლნი ხდებოდნენ. მათ შორის, ერთ-ერთი მოკლული იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია, რომელსაც ქართველები მიიჩნევენ ბოლო ნამდვილ პატრიოტად და ქრისტიანად, რომელიც ამ პოსტზე იკავებდა. „ჩეკისტებისთვის“ ნათქვამი მისი სიტყვები ასეთი იყო: „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული – საქართველოს, ლეში კი თქვენი იყოს, რაც გინდათ ის უქენით.“

ambrosi-khelaia_57d1502b88c95

ამბროსი ხელაია

ახალ რეჟიმთან ადაპტირებას ბევრი ცდილობდა, მაგრამ ოკუპანტებს ერთგულებისა და მორჩილების არანაირი გამოხატვა არ ჰყოფნიდათ. ყველა „მტრულად განწყობილი ელემენტი“ ან ციმბირში ხვდებოდა, ან ხვრეტდნენ და საბჭოთა კავშირის იდუმალ სასაკლაოზე განისვენებდნენ. ერთი პრობლემა მაინც არსებობდა – რეპრესიული ორგანოების კადრები. ვერსად ვერ მოიძებნა საკმარისი რაოდენობის ქართველი, რომლებიც „ჩეკისტურ“ საქმიანობას ან შინაგან საქმეთა ეროვნული კომისარიატის [ენ-კა-ვე-დე] დავალებებს შეასრულებდნენ. სწორედ ამიტომ, კადრების მოძებნა ხშირად რუსეთში, სომხეთსა და ოსეთში უწევდათ.

8. 1927-30 წლები. კოლექტივიზაცია

კომუნისტების ეკონომიკური ავანტიურა, რომელიც „კოლექტივიზაციის“ სახელითაა ცნობილი, განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა საქართველოსთვის. იმ დროისთვის, როდესაც რუსს არასდროს ჰქონია მიწა საკუთრებაში, ქართველებს საუკუნეების განმავლობაში ჰქონდათ სახნავ-სათესი. იცვლებოდნენ მეფეები, რეჟიმები, დამპყრობლები, მაგრამ ერთი რამ რჩებოდა უცვლელი: საკუთარი მიწის ნაკვეთი და საერთო საძოვრები. ხშირად, ეს მიწები მიკროსკოპული ზომის იყო, მაგრამ ის გადაეცემოდა თაობიდან-თაობას, ვითარდებოდა და მათ ცხოვრებაზე დადებითად ისახებოდა.

იმ დროს, როცა რუსეთში მიწებს აერთიანებდნენ და ამ მიწებს მიწათმფლობელებს იმ ბრალდებით ართმევდნენ, რომ უკანონოდ ჰქონდათ მისაკუთრებული, ქართველებს საკუთარს და მშობლიურს ართმევდნენ. კომუნისტებმა გადაწყვიტეს აგრარული საქმიანობა ნაციონალურ, რესპუბლიკურ საქმიანობად გაეხადათ და ყველასთვის საერთო რაოდენობის სამუშაო მასალა მიეცათ.

საქართველო ყოველთვის თვითმყოფადობით გამორჩეული ქვეყანა იყო და თავს საკუთარი მოყვანილი, უნიკალური პროდუქტით ირჩენდა, თუმცა კომუნისტების გადაწყვეტილებით, ყველა აგრარული მიწა მონოკულტურული პროდუქტის მოსაპოვებლად გამოიყო, ისეთის როგორიცაა: ჩაი, ციტრუსები, თამბაქო და ა.შ. ამგვარი აგრარული რეფორმები ხშირად ანადგურებს კულტურისთვის დამახასიათებელ, უნიკალურ მოსავალს და მიჰყავს ელემენტარული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის დეფიციტამდე.

„მონოკულტურამ“ ქართულ ეკონომიკასა და კულტურაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, თუმცა ამასთან ერთად, მიწების დაკარგვამ, მიწათ-მოქმედების დაკნინებამ და მწარმოებლების განადგურებამ, გაცილებით უფრო დიდი ზიანი მოუტანა საქართველოს მომავალ თაობებს.

9. 1934-37 წწ. დიდი ტერორი

განსაკუთრებით სასტიკი და დაუნდობელი რეპრესიები საქართველოს მეორე მსოფლიო ომამდე სულ ცოტა ხნით ადრე დაატყდა თავს. რუსეთის სიდიდის გამო, ბევრი „მტრული კლასის“ წარმომადგენლისთვის შედარებით მარტივი იყო დამალულიყო და თავი აერიდებინა სასჯელისგან. რუსული ინტელიგენციის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და აზნაურები სხვადასხვა სოფლებსა თუ პატარ-პატარ ქალაქებში იმალებოდნენ. ბევრმა პროლეტარიატის მანტიის მორგება და პარტიაში დამკვიდრებაც შესძლო.

საქართველოში ყველა მსგავსი მცდელობა უშედეგოდ მთავრდებოდა. საქართველო პატარა ქვეყანაა, სადაც ყველა ყველას იცნობს, „მტრული კლასის“ წარმომადგენლების პოვნა კი მხოლოდ გვარის გაკითხვითაც შეიძლებოდა. სადმე დამალვა წარმოუდგენელი იყო, თავის მოკატუნება ხომ მითუმეტეს. ამასთანავე, გარდა საყოველთაოდ აღიარებული მტრებისა, რომელთა განადგურებასაც საბჭოთა კავშირი ლამობდა, საქართველოში არსებობდა კიდევ ერთი, მოქალაქეების სრულიად უნიკალური კატეგორია, რომლებსაც კრემლის მმართველები პირად მტრებად მიიჩნევდნენ. სტალინისთვის, ორჯონიკიძე და ყველა კრემლის ქართველი ლიდერი, ნებისმიერი ძველი ნაცნობი უმთავრესი მტერი იყო. ყველა ვინც მის წრეში ტრიალებდა – დაწყებული ნათესავებიდან და კლასელებიდან, დამთავრებული მეზობლებით, განწირულნი იყვნენ განადგურებისთვის.

სერგო ორჯონიკიძე სტალინთან განსაკუთრებით დაახლოებული პირი იყო, რომელიც 1926 წლიდან პოლიტბიუროს წევრი გახლდათ, თუმცა 1936 წელს სტალინმა მისი ერთგულება ეჭქვეშ დააყენა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ორჯონიკიძე მის გავლენას დასახვრეტად ან გადასასახლებლად გამზადებული პირების დასაცავად იყენებდა. ასევე, ვრცელდებოდა ხმები, რომ 1937 წლის პლენუმზე ორჯონიკიძე სტალინის დაგმობას აპირებდა. სერგო ორჯონიკიძეს პლენუმამდე სული ვერ მიყვა, იგი საეჭვო ვითარებაში მკვდარი იპოვეს. მისი სიკვდილი თვითმკვლელობად შეფასდა. – მთარგმნელის შენიშვნა.

10. 1941-45 წწ. 300 000 ქართველი ჯარისკაცის სიკვდილი მეორე მსოფლიო ომში

crimea-wwii

ყირიმის ფრონტი, მე-3 ცალკეული ბატალიონის სამხედრო კომისარი, უფროსი პოლიტხელი ნიკოლოზ გოგიტიძე ესაუბრება პირად შემადგენლობას

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, თავისი სულელური მოქმედებებით, წითელი არმიის სარდლებმა გერმანელების ყველაზე უარეს მოლოდინებსაც კი გადააჭარბეს.

წითელმა იმპერიამ ომის პირველ თვეებში როგორღაც მოახერხა და ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო, რომ 4 მილიონი ჯარისკაცი ან ტყვეობაში ჩავარდა, ან დანებდა. ტყვეობაში ჩავარდნილებიდან ყველაზე დიდი დანაკარგი სწორედ ქართველებს ჰქონდათ. განსხვავებით ტიტულოვანი ნაციისგან, ქართველებს არ შეეძლოთ შეგუებოდნენ ნაცისტი გერმანელების მხრიდან დამცირებასა და სირცხვილს. ისინი, ვინც გადარჩა და „თავისუფლებას“ ეღირსა, გულაგებში გაამწესეს. მოგვიანებით ეს ადამიანები ყვებოდნენ, რომ გერმანელების საკონცენტრაციო ბანაკებში გაცილებით უკეთესი პირობები იყო, ვიდრე საბჭოთა კავშირის გულაგებში.

წითელი არმიის ყოველი შემდეგი გამარჯვება ქართველებს ნებისმიერი სახის მარცხზე ძვირი უჯდებოდათ, რადგან საბჭოთა კავშირი იბრძოდა რუსული ტრადიციით – რაოდენობით და არა ჭკუითა და მოხერხებულობით. რუსეთს არასდროს ენანებოდა საკუთარი შვილები და მხოლოდ ამაყობდა მათი დანაკარგებით. ოცდაშვიდი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შემდგომში იმის არგუმენტი გახდა, რომ მათი წყალობით საბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთ ევროპა დაიპყრო და გაეროში ვეტოს უფლება მოიპოვა.

მეორე მსოფლიო ომის დროს 300 ათასი ქართველი დაიღუპა. საქართველო არ ყოფილა ოკუპირებული და არც საჰაერო თავდასხმების მსხვერპლი, მაგრამ მისი მოსახლეობის 10% მაინც შესწირა ამ საზარელ ომს. ასეთი დანაკარგი არცერთ ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყანას არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, არასდროს წყდებოდა და დღემდე არ წყდება ისეთი ბნელი ჭორის აგორება, როგორიცაა „ სტალინის წყალობით ქართველები მშვიდად იყვნენ და ჯარშიც კი არ მსახურობდნენ“, – მსახურობდნენ, თანაც როგორ.

11. ლ. ბერიას დაკავების შემდეგ მორიგი რეპრესიები ქართველების მიმართ

საბჭოთა კავშირში ძალაუფლებისთვის ბრძოლას ყოველთვის კომიკური სახე ჰქონდა.

ადამიანებს ყოველთვის მოსწონდათ მოულოდნელი ინფორმაცია ვინმეს მტრად გამოცხადების შესახებ, რომელიც წინა დღისით ჯერ კიდევ ერის საამაყო შვილად ითვლებოდა. ეს პროცესები საბჭოთა კავშირში „ექსპოზიციის“ სახელით იყო ცნობილი. იშვიათად რჩებოდა გამოცხადებული მტრის ლიკვიდაცია განსაკუთრებული ხმაურის გარეშე. მათ სამაგალითოდ სჯიდნენ, ან თავადვე ჰყოფნიდათ გამბედაობა, რომ შუბლში ტყვია დაეხალათ.

ლავრენტი ბერიას მხილების შემდეგ, რომელიც როგორც გაარკვიეს, „ბრიტანელების მიერ მოვლენილი აგენტი იყო“, ხრუშოვმა და მისმა კომპანიამ ისე ჩაისვარეს, რომ მთელი ქვეყანა პარალიზებამდე მიიყვანეს. მოსკოვის ქუჩებსა და საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებში ტანკები გამოჩნდნენ. ამ დღეებში განსაკუთრებულად ქართველებს და ამ „საშიში ნაციის“ წარმომადგენლებს გაუჭირდათ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. თანაც, ქვეყნის შიდა მოვლენების კონტროლი არა ადგილობრივ ძალოვნებსა და წესრიგის დამცველებს, არამედ სპეციალურად გამოგზავნილ სამხედრო რაზმებს ანდეს. ქუჩაში ორ ადამიანზე მეტის ერთად გამოჩენა, სასტიკად აკრძალული იყო და თუ ეს წესი ირღვეოდა, კარგი დღე არ დაადგებოდათ.

ჩახშული იყო ყველა ქორწილი თუ დაკრძალვის ცერემონია, რომელიც იმ კვირაში იყო დაგეგმილი. ათასობით უდანაშაულო ადამიანი, რომლებმაც დაკავების მიზეზი არც კი იცოდნენ, გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ.

ქართული სამხედრო დივიზიები სასწრაფო წესით გაამგზავრეს შავიზღვისპირეთის ყველაზე დაჭაობებულ ადგილებში ორმოების ამოსათხრელად. საგულისხმოა, რომ მათთვის საკვების წაღება საბჭოთა ხელისუფლებას „დაავიწყდა“. თანამედროვე რუსი სიტყვა „ქართული დივიზიის“ მოსმენისას სიცილს ვერ იკავებს, არადა ომის დროს რვა ქართული დივიზია იყო შექმნილი და ისინი ყველა დანარჩენზე გამორჩეულად იბრძოდნენ.

სხვათა შორის, ქართველები ყველა ტიპის ჯარში იბრძოდნენ და არა მარტო ნაციონალურ გაერთიანებებში. ომის შემდგომი მობილიზაციის შემდეგ, მხოლოდ ერთი ქართული სამხედრო დივიზია დარჩა. მიუხედავად ამისა, ამ ერთადერთი ქართული დივიზიის შემადგენლობა და დისციპლინა ბევრით აღემატებოდა სხვა რუსულ დივიზიებს. ნებისმიერი ქართველი ჯარისკაცი, ათ ქულას მისცემდა „ფორას“ კრემლის ელიტარულ ნებისმიერ ოფიცერს. დივიზიაში მსახურება ნებისმიერი ქართველისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო.

კრემლის წარმომადგენლებს ეს ყველაფერი სულ ფეხებზე ეკიდათ. სამი დღე-ღამის განმავლობაში ათხრევინეს ორმოები დაჭაობებულ ადგილებში ქართველ ჯარისკაცებს და შინ დაბრუნებულებს სამხედრო საქმიანობის მიტოვება მოსთხოვეს. სწორედ ამის შემდეგ გაურბოდნენ ქართველები საბჭოთა არმიაში გაწევრიანებას. საქართველოში მთელი პარტიული აპარატი მანიაკალური ჩაკირკიტებით შეიცვალა. ცხოვრება გაცილებით გართულდა.

საქართველოში არცერთი ადამიანი განიცდიდა სიყვარულს ბერიას მიმართ, მაგრამ ამ სასტიკი მოპყრობით ყველა გააფრთხილეს, რომ მათაც აკვირდებიან, მათაც აკონტროლებენ. ასეთი რაღაცები ადამიანებს არ ავიწყდებათ.

12. 1956 წ. მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა-დაცხრილვა

სტალინთან მუშაობის შემდეგ მთელი მისი პოლიტბიურო დაშინებული იყო, თუმცა ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მაინც ნიკიტა ხრუშოვმა მიიღო. მუდმივი სტრესისა და შიშის ქვეშ მუშაობის შემდეგ, ნიკიტას ქართველების მიმართ მანიაკალური ფობია ჩამოუყალიბდა.

ლავრენტი ბერიას განადგურებისთანავე, ნიკიტა ხრუშოვმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და მიაღწია საიდუმლო შეთანხმებას, რომ ქართველს არ შეძლებოდა დაეკავებინა პირველი სამი უმთავრესი პოსტი საბჭოთა კავშირში.

თავისი მმართველობის ათ წლიან ხანაში, ნიკიტა ხრუშოვი იშვიათად სტუმრობდა საქართველოს. 1964 წელს ხრუშოვი დასასვენებლად ბიჭვინთაში წავიდა, თუმცა დასვენება მაინც ვერ მოახერხა. სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმმა მისგან დამოუკიდებლად მიიღო მისი გადაყენების გადაწყვეტილება და მის მოსკოვში ჩამოსაყვანად კგბ-ის ქართველი ოფიცერი, ალექსი ინაური გაგზავნა. როგორც ამბობენ, ხრუშჩოვმა ქართველი შეიარაღებული პირი რომ დაინახა, ისე შეშინდა, მოსკოვამდე ხმა არ ამოუღიაო.

დროს ცოტა გავუსწრეთ, ამიტომ მოდით უკან გავიხედოთ. ხრუშჩოვი ქართველებს რომ ვერ იტანდა, ეს უკვე კარგად ნაცნობია, თუმცა მათი მანიაკალურადაც რომ ეშინოდა, ეს უფრო დიდი ფაქტია. სხვანაირად როგორ უნდა აიხსნას მშვიდობიანი დემონსტრანტების 1956 წლის დაუნდობელი დახვრეტა?

საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხრუშჩოვი ქართველების გენოციდს გეგმავდა, უკრძალავდა თანამდებობების დაკავებას და მათ წინააღმდეგ რეპრესიულ პოლიტიკას ატარებდა. რა აღარ გააკეთეს საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მაგრამ მღელვარება ვერაფრით ჩააცხრეს. პრინციპში, ეს ინფორმაცია მეტ წილად ფაქტები იყო, ვიდრე ჭორები.

ახალგაზრდებმა და სტუდენტებმა გადაწყვიტეს ძველი საბჭოური ტრადიციის მიხედვით მრავალათასიანი მიტინგი მოეწყოთ და თავიანთი მოთხოვნები წამოეყენებინათ. მიტინგზე მთელი პარტიული ერთეულები, ლიდერები გამოცხადდნენ და მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. ერთადერთი, იმ დროინდელი მთავრობის ახალი მმართველი, მჟავანაძე გაქრა გაურკვეველი მიმართულებით.

აქტივისიტები ჩვეულებრივი, საყოველთაოდ მიღებული, სტალინის ლოზუნგებით 6 დღის განმავლობაში გამოდიოდნენ. აქციის მონაწილეთა რაოდენობამ რამდენიმე ათასს გადააჭარბა.

აქციის მთავარი სათქმელი კარგად იყო მოფიქრებული, ვინაიდან არავისთვის აუკრძალავს „ლიდერისა და მასწავლებლის“ , ანუ სტალინის ციტირება, თანაც სლოგანები საყოველთაოდ მიღებული და ტვინებში კარგად დალექილი იყო. საბჭოთა ხელისუფლება არ აპირებდა მომიტინგეების პროტესტის გაზიარებას და მათ დაშლისკენ მოუწოდებდა, თუმცა ამაოდ.

საბოლოო ჯამში, საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ძალის გამოყენების შესახებ და 9 მარტის ღამეს ქუჩები სასაკლაოდ გადააქციეს. იმ ღამეს 150-ზე მეტი სკოლის მოსწავლე, სტუდენტი და ახალგაზრდა მოკლეს, ხოლო მძიმედ დაშავდა და დასახიჩრდა ათასამდე ადამიანი.

13. 1985-89 წლები. ანტიქართული ისტერია საბჭოთა კავშირის მას-კომუნიკაციის საშუალებებით

„პერესტროიკა“ დაიწყო „გამჭვირვალედ“, ხოლო „გამჭვირვალობა“ – სტალინისა და ბერიას გადაგდების შემდეგ. სამწუხაროდ, არავის მოსვლია თავში აზრად, რომ ეს ყველაფერი საბჭოთა პროპაგანდის შედეგი იყო, რომელიც 1960-იან წლებიდან მოყოლებული ტარდებოდა. ერთი მხრივ, საბჭოთა კავშირის ბოროტებების გასაჯაროება და საქვეყნოდ გაშიშვლება, დასაფასებელი იყო, თუმცა მეორე მხრივ ამას აკეთებდა ზუსტად ის პარტია, რომელმაც ყველა ეს ბოროტება ჩაიდინა. ნაცვლად იმისა, რომ ახალ ხელმძღვანელებს ეღიარებინათ დაშვებული შეცდომები, გაჩნდა ახალი ტყუილი, რომელიც უდიდესი პროპაგანდის ფონზე ყველას ტვინში დაილექა.

ახალი ტყუილის მიხედვით, აღმოჩნდა რომ ტროცკი, ბუხარინი, ზინავიევი და სხვა მათნაირები ძალიან კარგ საქმეს აკეთებდნენ, სანამ ისინი სტალინმა არ გაანადგურა. და საერთოდ, ისინი ყველანი ძალიან კარგები იყვნენ, მხოლოდ სტალინი იყო ძალიან ცუდი და ყველაფერი მისი ბრალი იყო.

ამის მტკიცებით ქართველებისთვის არაფერი იყო მიუღებელი და მათ საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ. რუსების საქმეა, ვის ჩათვლიან ისინი კარგებად ან ცუდებად თავისი იმპერიის ისტორიაში. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი არა რეჟიმის ან სტალინის, არამედ ქართველების კავკასიური, დაუნდობელი, მწამებელი ხასიათის და „ნაციონალისტური მიდრეკილებების“ ბრალი იყო.

ეს ყველაფერი არ არის – ახალი პროპაგანდის მიხედვით, აღმოჩნდა რომ ყველა, ვინც 1930-იანების პოლიტიკას შეეწირა, ქართველების ბრალით მოკვდა. საქმე ის იყო, რომ, თურმე, მათი [ჩეკისტების, პროკურორების და ა.შ] უმრავლესობა ქართველებს აკრიტიკებდა, რის გამოც მათ სჯიდნენ. ერთი სიტყვით იქმნებოდა ისეთი რეჟიმი, რომელიც ქართველებს ყველაზე მეტად აწყობდათ და მფარველობდა მათ. თუ ქართველი აშავებდა, რუსებს იბარებდნენ დაკითხვებზე და კავკასიური ცივსისხლიანობით აწამებდნენ. აბა, რუსებს ხომ არ დააფარებდნენ ხელს?!

ცენტრალურ პრესაში დაიბეჭდა სტატიები, რომ თურმე, სტალინი ქართველებზე მთელი გულითა და მონდომებით ზრუნავდა. ამბობდნენ, რომ სტალინი ქართველებს ჯარში არ იძახებდა, ომის დროსაც კი! მეტიც, თურმე ქართველებს რეპრესიებიც კი არ შეხებიათ. წარმოგიდგენიათ რა კარგ დღეში ყოფილან ჩვენი წინაპრები? – და თქვენ გგონიათ ამის შესახებ რუსებმა არ იცოდნენ? იცოდნენ, უბრალოდ გაზეთებმა ეს ინფორმაცია დაუდასტურეს.

ყველაფერთან ერთად, თურმე ქართველები იმდენად ბნელები ვყოფილვართ, რომ საბჭოთა კავშირში, სადაც პლურალიზმი, დემოკრატია და გამჭვირვალობა ყვაოდა, საქართველო ისევ ნაციონალიზმის, კორუფციისა და კრიმინალის მარწუხებში იყო დარჩენილი.

ანტიქართული პროპაგანდა საზღვრებს მაშინ გასცდა, როდესაც ტელევიზიაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ თურმე ბათუმში ქართველებს ქორწილი ჩაუშლიათ და პატარძალი ქორწილიდან რუსული წარმოშობის გამო გაუგდიათ. სინამდვილეში, ამ ისტორიას ყვებოდა ის ადამიანი, რომელიც ძალიან ცნობილი იყო თავისი მსუბუქი ყოფაქცევით და მისი პორნო კასეტები სკოლის დერეფნებშიც კი იყიდებოდა.

ქართველებს, რა საკვირველია, თავის გასამართლებლად სიტყვის ამოღების საშუალებაც არ მისცეს. საქართველოს ინტელიგენციის ხმა რუსულმა შოვინიზმმა ჩაახშო, პროტესტი კი უშედეგო იყო.

14. 1989 წლის 9 აპრილი. მიტინგის დაშლა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტვა

9-april-memorial_57d1502c69303

სანამ საბჭოთა კავშირი ქართველების ლანძღვით იყო დაკავებული დაკავებული და ხარობდა ამ ერის დამცირებით, ქართველებს არც ერთ დასმულ კითხვაზე არ მიუღიათ პასუხი.

ამ მდგომარეობით სარგებლობდნენ აფხაზეთისა და ოსების ინტერესით შეპყრობილი ადამიანებიც. ამ დროს საქმეში აფხაზი ავანტიურისტები ჩაერთვნენ, რომლებიც ცდილობდნენ დანარჩენი აფხაზების პროვოცირებას და ითხოვდნენ თავიანთი რეგიონის საქართველოს შემადგენლობიდან გამოყოფასა და ავტონომიის გამოცხადებას. მათ ამ განზრახვას მხარს უჭერდნენ მოსკოვშიც.

გამომდინარე იქიდან, რომ სეპარატისტები გრძნობდნენ მხარდაჭერას, სულ უფრო და უფრო თავხედდებოდნენ. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ ქართული სკოლები აფხაზეთში, სოხუმის უნივერსიტეტი და ყველა ქართველი ვინც აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. ეთნიკურმა აფხაზებმა, რომლებიც მთელი მოსახლეობის 15%-ს შეადგენდნენ, ამ რეგიონში მცხოვრები ნახევარი მილიონი ადამიანის ბედის გადაწყვეტა განიზრახეს. თავდაპირველად, ამ განწყობით აფხაზების მცირე ნაწილი იყო, თუმცა დახმარებისა და თანადგომის გამოვლინების შემდეგ, რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.

საერთაშორისო არენაზე მწარე იდეოლოგიური მარცხის შემდეგ, ყველა პროვოკაციული სტრუქტურა, კგბ-ს ხელმძღვანელობით, საშინაო საქმეებზე ორიენტირდა. ბალტიისპირეთში შეიქმნა ინტერფრონტები, ხოლო კავკასიასა და შუა აღმოსავლეთში ჩამოყალიბდა ნაციონალისტური ბანდები, რომლებსაც მოსახლეობის ტერორი დაევალათ. ეს იყო პასუხი მოკავშირე ქვეყნებისთვის, რომლებსაც დამოუკიდებლობისკენ ნაციონალურ-პატრიოტულ ლტოლვები გააჩნდათ. „მაშ ასე, გსურთ დამოუკიდებლობა და თავისუფლება ბოროტების იმპერიისგან? – მაშინ მოემზადეთ ეთნიკური უმცირესობების აჯანყებებისთვის.“ – ასეთ შინაარსს ატარებდა ამგვარი გადაწყვეტილებები.

ამ დავალების შესასრულებლად საჭირო იყო პირველი სისხლის დაღვრა და შორს არ წახვიდეთ, მალევე დაიღვარა. 1988-89 წლებში, როცა აფხაზეთსა და საქართველოში ძალაუფლება ჯერ კიდევ მოსკოვის ხელში იყო, ქუჩებში გამოჩნდნენ კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც პოლიციისგან ნულოვან საფრთხეს გრძნობდნენ. ისინი მშვიდად გადაადგილდებოდნენ ქუჩებში და თავს ესხმოდნენ ადამიანებს. მეტიც, ამ თავდასხმებში ხშირად მონაწილეობას თავად პოლიციელებიც იღებდნენ. სროლები და ყაჩაღობები საათობით გრძელდებოდა. სხვათა შორის, იგივე ხდებოდა ბაქოში, სუმგაითში, ფერგანასა და ოშში. „დიად იმპერიაში“ რატომღაც უეცრად გაქრა ჯარიცა და პოლიციაც, მშვიდობიანი მოსახლეობა კი კრიმინალური ჯგუფების პირისპირ მარტოდ-მარტო დარჩა.

ქართველებმა ვერაფერი უკეთესი ვერ მოიფიქრეს, გარდა მრავალრიცხოვანი მიტინგის ჩატარებისა. თბილისელები და ახლომახლო რეგიონების მცხოვრებლები რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ქართველები უგულებელყოფდნენ სპეციალური ძალებისგან მართულ პროვოკაციებს და იხსენებდნენ იმ ნათელ ფურცლებს, რომელიც ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიან თანაცხოვრებას მოწმობდა. აქციაზე უამრავი ანტისაბჭოური პლაკატები და ლოზუნგები იყო, მათ გარეშე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ აქციის ჩატარება წარმოუდგენელი იყო.

აქციაზე ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ, განურჩევლად პროფესიისა თუ დამსახურებისა, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ინტელიგენტები და სტუდენტები შეიმჩნეოდნენ. ადამიანები წარმოთქვამდნენ ემოციურ სიტყვებს და კითხულობდნენ პატრიოტულ ლექსებს. ხანდახან ცეკვავდნენ და მღეროდნენ კიდეც, რამდენიმე სტუდენტმა შიმშილობაც კი გამოაცხადა.

ერთადერთი, რაც ამ აქციაზე არ ყოფილა, მოხუცებისა და სკოლის მოსწავლეების ცემაა, როგორც ამას რუსული გაზეთები [კომსომოლსკაია და პიონერსკაია პრავდა] ამტკიცებდნენ. საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნები გაზეთებიდან კითხულობდნენ, როგორ სასტიკად უპირისპირდებოდნენ ქართველები აქციაზე მისულ მოხუცებსა და ბავშვებს, რომლებსაც ინტერნაციონალური პლაკატები და პიონერული ბაფთები ეკეთათ. ძნელი წარმოსადგენია, ასეთ აქციაზე ვინმე მსგავსი გამოჩენილიყო.

აქციის მონაწილეების დასჯა და მათთვის გაკვეთილის ჩატარება იმ დროისთვის სსრკ-ს სახალხო დეპუტატის თანამდებობაზე ახლად არჩეულ იგორ როდიონოვს დაევალა. როდიონოვმა მოსკოვს შეუთვალა, რომ დემონსტრანტების დასარბევად მის ხელთ არსებული ძალოვანები საკმარისი არ იყო და დახმარება ითხოვა. თბილისში მომენტალურად შემოვიდა ორი რუსული სამხედრო პოლკი. ერთი, „ძერჟინსკის“ სახელით ცნობილი დივიზია, ხოლო მეორე საჰაერო-სადესანტო არმია, იგივე ВДВ. ეს ოპერაცია, როგორც ყოველთვის, რუსული ტრადიციის მიხედვით იგეგმებოდა – სადაც მთავარი იყო რაოდენობა და არა ჭკუა. შედეგად, ერთ დემონსტრანტზე ხუთი სამხედრო მოდიოდა. ისინი არა უბრალო ჯარისკაცები, არამედ გონებადაბინდული ადამიანები გახლდნენ, რომლებიც დაშინებულები იყვნენ „ბებიების მცემელი ნაციონალისტებით“.

სამხედრო მოქმედებების შედეგად, გარდაიცვალა 18 დემონსტრანტი. ასობით ადამიანი დაიჭრა და მძიმედ დაშავდა. მიტინგი დაარბიეს, მომიტინგეებზე დაგეშილი როდიონოვი კი გამარჯვებული წარსდგა რუსეთის წინაშე.

როგორ არ ეცადნენ რუსები ამ სასტიკი მოპყრობის გამართლებას, მაგრამ დემონსტრანტებისთვის ერთი ტყვიის ან დანის პოვნაც კი ვერ შეძლეს. მეტიც, ოდნავ დაზარალებული ჯარისკაციც კი ვერ იპოვეს, როცა თბილისის საავადმყოფოები მომწამლავი გაზით მოწამლული ადამიანებით, დაჭრილებით და გარდაცვლილებით იყო სავსე.

15. 1986-90 წწ. – 1990-96 წწ და აფხაზეთის ომი

afxazeti-omi

აფხაზეთსა და ოსეთში ანტიქართული პროპაგანდა რომ ფეხს კარგად იკიდებდა, ამაზე უკვე მოგახსენეთ. 1989-90-იან წლებში, სოხუმში თავს ესხმოდნენ ქართულ სკოლებს, სოხუმის უნივერსიტეტსა და ქუჩებში საფრთხეს უქმნიდნენ მშვიდობიან მოსახლეობას.

ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ შერეული ოჯახები იყვნენ. სეპარატისტები მათგან კონფლიქტში, „სწორ მხარეს“ დადგომას ითხოვდნენ. ის, ვინც ნეიტრალურ პოზიციას იჭერდა, ფაქტობრივად ხელს აწერდა საკუთარი თავის ფიზიკურ ლიკვიდაციაზე. ქართველები სამუშაო ადგილებს კარგავდნენ, ხოლო ვინც პოლიციაში მუშაობდა, ხშირად მოკლული და მიტოვებული ეგდო რომელიმე კუთხეში. ამ ყველაფერში რუსეთის ხელი კი არ ერია, არამედ ყველაფერს რუსეთი აწყობდა. შედეგი, რომელიც აფხაზეთში დადგა, არასდროს დადგებოდა, რომ არა რუსეთის პირდაპირი ხელშეწყობა.

როგორ პასუხობდნენ ქართველები აფხაზების აგრესიასა და უკანონობას? ზუსტად ქართულ სტილში – აქციებით, სტატიებითა და სატელევიზიო სიუჟეტებით. დაუღლელად საუბრობდნენ აფხაზურ-ქართულ ძმობაზე, მოლაპარაკების მაგიდასთან იხმობდნენ მათ, თუმცა ამაოდ.

სანამ ქართველები ძმობისა და ერთობის შესახებ რეჩიტატივების წერით იყვნენ დაკავებულები, რუსეთის ხელისუფლება დროს უქმად არ კარგავდა. მათი ინიციატივით, აფხაზეთში კიდევ ერთი ახალი კრიმინალური ძალა ჩავიდა, რომელიც საკუთარ თავს „მებრძოლი კავკასიელი ხალხის კონფედერაციას“ უწოდებდა. ამ დროისთვის აფხაზეთი ერთ დიდ შავ ხვრელად გადაიქცა, სადაც ქრებოდა ვაგონები, საქონელი და ა.შ.; აბა სხვა რა უნდა ექნა „პატარა, მაგრამ თავისუფლების მოყვარულ ერს?“. ტურიზმი საერთოდ ჩაკვდა, არცერთი ნორმალური ტურისტი ბანდიტებთან არ ჩავიდოდა. ადგილობრივი წარმოებაც ნელნელა ჩაკვდა. აფხაზები მიეჩვივნენ მბრძანებლობას, მაგრამ არა მუშაობას. ციტრუსის პლანტაციებიც კი ხშირად მოუკრეფავი რჩებოდათ და მოსავალი ულპებოდათ.

ერთადერთი “ბიზნესი” რკინიგზის გაქურდვაღა იყო დარჩენილი.

არადა, კავკასიის რკინიგზა უდიდესი მნიშვნელობის იყო არამარტო ქართველებისთვის, არამედ მთელი კავკასიისთვის, ყველაზე მეტად კი სომხეთისთვის, რომელიც რუსეთისთვის ბოლომდე „ერთგულ ძმად“ დარჩა. კარგია, არა, რუსეთისნაირი ძმის ყოლა? მით უმეტეს, როცა მასთან საზღვარი არ გაქვს, თუმცა ალბათ ბევრად უკეთესი იქნებოდა, სხვა კონტინენტიდან თუ დაუმეგობრდებოდი.

აფხაზები ვერაფრით უმკლავდებოდნენ რკინიგზის ქურდობას, რომელიც ამ რეგიონში ერთადერთ გასართობად იქცა, ამიტომ დახმარებისთვის ქართველებს მიმართეს. აი, აქ დაიწყო ყველაფერი. ქართველებისთვის თითქოს ყველაფერი ნათლად ჩანდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ აფხაზებს ამ პრობლემის აღმოფხვრა სურდათ, რომ ისინი ამ საქმეში უდანაშაულოები იყვნენ და პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებდნენ. სწორედ ამიტომ, შევარდნაძე დათანხმდა შეეყვანა შეიარაღებული ძალები რკინიგზის გასაკონტროლებლად და დასაცავად. რუსეთის მთავრობამ, რომლის ჯარებიც იმ დროს გუდაუთაში იყო განლაგებული, პირობა დადო, რომ ყველა ტექნიკურ საკითხში დაეხმარებოდა ქართულ-აფხაზურ მხარეს.

აი, ხაფანგის დაგებაც ასეთი უნდა.

სწორედ ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, საქართველომ თავისი კუთვნილი იარაღი მიიღო. მოულოდნელად იმიტომ, რომ ტაშკენტში მიღწეული შეთანხმების შესრულებას რუსები აქამდე არ ჩქარობდნენ. შეთანხმება ყოფილი საბჭოთა კავშირის არსენალის გაყოფას გულისხმობდა, შესაბამისად, ქართველებს წილი ეკუთვნოდათ. ახლა კი შეთანხმების პირობა უცებ შეასრულეს. ქართულ მხარეს გაუჩნდა ილუზია, რომ არსებულ კონფლიქტის მოგვარების მცირე შანსი მაინც გაჩნდა, მაგრამ ვინ იცის მერამდენედ მოტყუვდნენ.

მხოლოდ ოდნავ მოგვიანებით გახდა ნათელი, თუ რატომ მოიქცა რუსეთი ასე, ანუ რატომ დაუბრუნა იარაღი ქართველებს.

როგორც კი საქართველოდან გაგზავნილი შეიარაღებული ძალები აფხაზეთის ტერიტორიაზე შევიდნენ, აფხაზურმა მხარემ ისინი აგრესორებად და ოკუპანტებად გამოაცხადა და ცეცხლი გაუხსნა. ცეცხლი არამარტო აფხაზმა სეპარატისტებმა, არამედ აფხაზეთში განლაგებულმა რუსულმა ჯარებმაც გახსნეს. გუდაუთის საბრძოლო ბაზიდან სეპარატისტების ხელში 15 ათასზე მეტი იარაღი აღმოჩნდა. იარაღის მისაღებად მხოლოდ ერთადერთი დოკუმენტი იყო საჭირო – საბჭოთა პასპორტი აფხაზური წარმომავლობით.

სულ ტყუილად ცდილობდა არძინბასთან დაკავშირებას შევარდნაძე, მას ამისთვის არ ეცალა, რადგან „ქართველების შეიარაღებული თავდასხმისგან აფხაზეთის დაცვას“ ორგანიზება სჭირდებოდა. რუსეთი აფხაზეთს არამარტო იარაღით, არამედ ადამიანური რესურსითაც ეხმარებოდა. შეიარაღებული კავკასიელები უკვე აფხაზეთში იყვნენ და მათი რაოდენობა უფრო და უფრო იზრდებოდა, რადგან რუსეთი ცხელ წერტილში წამსვლელ მოხალისეებს უპრობლემოდ იღებდა.

გამოხატვის თავისუფლებისგან და სიმართლისგან დაცლილი რუსული პრესა აქტიურად წერდა, თუ როგორ შეიჭრნენ „საზიზღარი ქართველები“ აფხაზეთში და როგორ დაიწყეს ომი. ზუსტად ერთ დღეში, მთელი რუსეთი პატარა სამხრეთელი მეზობლის წინააღმდეგ აჯანყდა, ყველა იმ ადამიანის ჩართულობით, რომლებიც ამგვარი ბინძური საქმეების დიდოსტატები იყვნენ და ცივი ომის შემდეგ საქმე არ ჰქონიათ.

აფხაზეთში ომის შედეგად სრული ანარქია შეიქმნა. ადამიანებს ძარცვავდნენ, პირდაპირ ქუჩებში აყაჩაღებდნენ, აუპატიურებდნენ, კლავდნენ, აუთოვებდნენ და ათასი საშინელება. რუსეთისა და აფხაზების ურთიერთქმედებით, დაიწყო ქართველების ეთნიკური წმენდა, რასაც შედეგად 300 ათასამდე დევნილი იძულებული გახდა საკუთარი კერა მიეტოვებინა. გარდა ამისა, რუსეთის მიერ პროვოცირებულ ომში ათი ათასზე მეტი ქართველი მეომარი დაიღუპა, ხოლო აფხაზეთის მოსახლეობა, რომელიც ომამდე ნახევარ მილიონს შეადგენდა, 100 ათასამდე ჩამოვიდა.

არც აფხაზებს უხეირიათ ამ ომით – დღეს აფხაზეთის რეგიონი სრულიად ჩამორჩენილია თანამედროვე ეპოქის ტემპს. გარდა ამისა, ომმა მოიტანა ხელოვნური აპარტეიდი, რომელიც აფხაზ მოსახლეობას სამ ფენად ყოფს. პირველი – „უმაღლესი კლასის ფენა“, რომელსაც ჰყავს აფხაზური ოჯახი და გააჩნია კერძო საკუთრება; მეორე – ის ადამიანები, ვინც ქართველების დანატოვარზე ცხოვრობენ და მათი ქონება აქვთ ათვისებული (სახლები, ეზოები და ა.შ) და მესამე – ის ადამიანები, ვისაც ქართული გვარი აქვს შერჩენილი. ამ უკანასკნელებისთვის, განსაკუთრებით მძიმეა ცხოვრება, ვინაიდან მათ მუდმივად უწევთ „ფაშისტი ქართველების“ გინება და მათი „ნამოქმედარის“ დაგმობა და იმის მტკიცება, რომ ისინი აფხაზეთის ნამდვილი პატრიოტები არიან.

ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე? მხოლოდ აფხაზები? – არა, ქართველებს ამაზე სხვა პასუხი აქვთ – რუსები. ის არამზადები, ვინც აფხაზები მკვლელებად აქცია – დაწყებული კგბ-ს აგენტებიდან, უკანასკნელ შემსრულებლებამდე.

16. 1993 წ. რუსული ბაზების აღდგენა საქართველოს ტერიტორიაზე და დსთ იძულებითი შესვლა

1994 წელს საქართველომ აფხაზეთისთვის ბრძოლა წააგო და რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთის მართვის სადავეები შამილ ბასაევს გადასცა, რომელიც კავკასიის მებრძოლი ხალხის კონფედერაციის ლიდერი იყო. ბასაევის ხელმძღვანელობით, მისი კრიმინალური ჯგუფის წევრები დიდი სიამოვნებით ხოცავდნენ ქალაქში დარჩენილ ქართველ ჩინოვნიკებს. მათ გზას მიჰყვებოდნენ ის ადამიანები, ვინც მხოლოდ იმაში იყო დამნაშავე, რომ ეროვნებად ქართველობა ერგო.

არადა, იქამდე სულ ცოტა ხნით ადრე, დაიდო მშვიდობიანი ზავი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და იმის შესახებ, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი მშვიდობიანად გადაწყდებოდა. ამ საქმეში პირადად იყო ჩართული ელცინიც, რომელიც არძინბასა და შევარდნაძეს შორის შუამავლის როლს ასრულებდა და ისინი აიძულა კიდეც რომ ერთმანეთისთვის ხელი ჩამოერთვათ. შეთანხმების მიხედვით, რუსეთი საქართველოს მძიმე შეიარაღებას ანაბრის სახით აიღებდა და უმოკლეს ვადებში მოახდენდა კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას.

ხელის ჩამორთმევა დასრულებული არ ჰქონდათ, სეპარატისტებმა საომარი მოქმედებები რომ განაახლეს. ახლა უკვე, რუსეთი აფხაზებს განახლებული იარაღითაც ეხმარებოდა და დამატებით რაზმებს უგზავნიდა. ასეთი საქციელით, რუსეთმა ცინიზმისა და მოღალატეობის ყველა რეკორდი დაამხო.

ჩნდება კითხვა: რატომ დათანხმდა შევარდნაძე ამ შეთანხმებას, თუკი მტრის განზრახვა ამდენად ნათელი იყო? დავიჯეროთ მისი თეთრი ულვაში ალღოს კარგავდა? არა! მან მშვენივრად იცოდა ვისთან ჰქონდა საქმე, უბრალოდ, ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ ღალატი იქნებოდა ამდენად დაუნდობელი.

საბოლოო ჯამში, შევარდნაძემ შეძლო თბილისში ცოცხლად ჩამოღწევა, თუმცა კარგი ვერაფერი ჩამოიტანა. საქართველო კიდევ ერთხელ იყო ვალდებული დამორჩილებოდა რუსეთის ბრძანებებს. შედეგად, საქართველო გახდა დსთ წევრი ქვეყანა და საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ჯარი დაბრუნდა.

17. 1992-2003 წლები. კრემლის აგენტების დანიშვნა ძალოვან სტრუქტურებში და იგორ რადიონოვისთვის თავდაცვის მინისტრის პოსტის გადაცემა

რუსეთის იმპერიის ცინიზმს საზღვრები არ ჰქონდა. მე მოგიყევით 1989 წლის 9 აპრილის შესახებ, რომლის მთავარი „გმირიც“ გენერალი რადიონოვი გახლდათ. ის ხოცვა-ჟლეტვა, რომელიც თბილისში, მთავრობის სახლის წინ მოეწყო, სწორედ რადიონოვის ორგანიზებული იყო. რუსეთმა კარგად იცოდა ქართველების დამოკიდებულება რადიონოვის მიმართ და სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა კიდევ ერთხელ დაეცინა ქართველი ხალხისთვის. იმ პერიოდში, რუსეთს, განსაკუთრებით სჭირდებოდა საქართველოში ფესვების გადგმა და საკუთარი ზეგავლენის ქვეშ ძალაუფლების მოქცევა.

რადიონოვის დანიშვნა არ იყო ერთადერთი მცდელობა კონტროლის მოსაპოვებლად. რუსეთის მოთხოვნით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად იგორ გიორგაძე დაინიშნა, კაცი, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით კრემლის ფინია ძაღლი იყო. გიორგაძის დანიშვნისთანავე, დაიწყო პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების დევნა და ხოცვა. მის რეჟიმს შეეწირა არაერთი ჟურნალისტის სიცოცხლე. იგი ანადგურებდა ყველას, ვინც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას ცდილობდა, ყველას ვინც კეთილსინდისიერად ასრულებდა საკუთარ მოვალეობას. მისივე ბრძანებით მოკლული იქნა გია გულუა, სატრანსპორტო პოლიციის გენერალ-მაიორი.

იგორ გიორგაძის ბოროტმოქმედების ზენიტი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა უნდა ყოფილიყო. მას ამისთვის რუსეთიდან ყველანაირი მხარდაჭერა ჰქონდა. სწორედ ამიტომ, მან შევარდნაძისთვის ტერორისტული თავდასხმის ორგანიზება მოახერხა, თუმცა რაღაც სასწაულით, ეს უკანასკნელი გადარჩა და გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყებისთანავე, გიორგაძე რუსულ თვითმფრინავს შემოახტა და საქართველოდან გაიქცა.

18.1998-2003 წ. პასპორტების გაცემა სეპარატისტულ რეგიონებში

russia-passport_57d1502d2f2e1

ყველა სხვა სახელმწიფოსგან რუსეთი იმითაც განსხვავდება, რომ მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია. რუსი მიდის მოსალაპარაკებლად და ართმევს ხელს მხოლოდ ერთი მიზნით: დაარღვიოს შეთანხმება და დასცინოს მეორე მხარეს. ასეთი ტრადიციები აქვთ რუსულ დიპლომატიაში, მთავრობაში და შეიარაღებულ ძალებშიც კი.

საერთო ბაზების არსებობის გამო, გამოუცდელ ადამიანს შეიძლება ილუზია შექმნოდა, რომ საქართველო და რუსეთი ერთად ებრძოდნენ ტერორისტულ აქტებს სეპარატისტულ რეგიონებში, თითქოს „მოძმე“ ერები ერთად უმკლავდებიან ეკონომიკურ და თანამედროვე გამოწვევებს.

სინამდვილეში კი, სანამ საქართველო იჭერდა და აგზავნიდა ძებნილ კრიმინალებს მოსკოვში, რუსეთი წვრთნიდა ტერორისტებს, ალაგებდა გეგმებს და გაქცევის მარშრუტებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა სეპარატისტების განიარაღების შესახებ ხელი რამდენიმე შეთანხმებას მოაწერა, ის მაშინვე აწოდებდა მათ მძიმე შეიარაღებას.

სეპარატისტულ რეგიონებთან სავიზო რეჟიმის შეთანხმების შემდეგ, რუსეთმა საბოლოოდ გახსნა კარები მდინარე ფსოუსა და რიკოთის გვირაბზე. იმ დროს, როდესაც რუსეთში მცხოვრები უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ დაშლილი საბჭოთა კავშირის მოქალაქედ ითვლებოდა, აფხაზეთსა და ოსეთში რუსული პასპორტების გაცემა დაიწყეს. შეიქმნა აბსურდული სიტუაცია: რუსებს საკუთრ ქვეყანაში თავისუფლად მიმოსვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, მანამ სანამ მთელ ბიუროკრატიულ პროცედურებს არ გაივლიდნენ, საქართველოს კუთვნილ აფხაზეთსა და ოსეთში კი რუსულ პასპორტებს ისე არიგებდნენ, თითქოს სარეკლამო ბუკლეტები ყოფილიყო.

ამის შემდეგ, ყოველგვარ ილუზიას კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების შესახებ წერტილი დაესვა და რუსეთის განზრახვა ნათელი გახდა. რუსეთის ხელისუფლება რუს ბიზნესმენებს აფხაზეთში ინვესტიციების ჩადებას აიძულებდა. აფხაზეთიდან გაძევებული ქართველები თავიანთ ქონებას სრულიად უსასყიდლოდ გადასცემდნენ იმ რუსებს, ცხადია, საკუთარი ნების გარეშე, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში მოქალაქეობის მიღების შანსიც არ ჰქონდათ.

19. ისევ ქართველების ანტიპროპაგანდა. საქართველოსგან მტრის ხატის შექმნა

dont-drink-georgian-wine

საბჭოთა კავშირის კვალი ყველაზე მეტად რუსებს დაეტყოთ. მხოლოდ რუსეთში შენარჩუნდა აუხსნელი ნდობა ქაღალდზე ნაბეჭდი სიტყვების მიმართ. საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში საბჭოურ პროპაგანდას ყოველთვის დიდი სკეპტიციზმით უყურებდნენ, საუკეთესო შემთხვევაში – იუმორითაც კი. რუსები კი, დღემდე ინარჩუნებენ ბრმა ნდობას „თავისუფალი პრესის“ მიმართ. დაწერენ გაზეთში, მაგალითად, რომ ქართველები ნაციონალ-ფაშისტები არიან და ესე იგი, მართლაც ასეა. და თუ ტელევიზორშიც რამე გავიდა საქართველოსა და ქართველებზე, ესე იგი წყალი არ გაუვა.

რას აღარ წერდა და აჩვენებდა რუსული პროპაგანდა. იმდენ ტყუილს უბრალოდ ვერ დათვლი და ვერც გაიხსენებ, მაგრამ სამაგიეროდ რუსულმა ჯიშმა კარგად აითვისა მცდარი შეხედულებები.

როგორც ჩანს, ერთადერთი და ყველაზე დიდი მტერი „დიადი რუსეთისვთის“ მისი სამხრეთით დაბანაკებული ფაშისტური საქართველოა. რუსებზე არც რუკის ანალიზი, არც ისტორიული ფაქტები არ მოქმედებს, მაინც ჯიუტად სწამთ რუსული პროპაგანდის.

რუსულ ე.წ “დემოკრატიულ“ პრესას შესაქები არაფერი აქვს – მაშინაც კი, როცა ერთ ცუდ სიტყვას დაწერდნენ რომელიმე რუს დამნაშავეზე, გვერდზე იმხელა ანტიქართულ სტატიას დაუბეჭდავდნენ, მთლიანად მის ჩრდილში ძირავდნენ. ეს ყველაფერი ანტისემიტურ პროპაგანდას დაემსგავსა, ზუსტად ისეთს, როგორიც ნაცისტურ გერმანიაში გებელსს ჰქონდა.

მალე, კრემლის მმართველები მიხვდნენ რომ ზედმეტი მოსდიოდათ, მასიური ფსიქოზის დანერგვა შეიძლება ბუმერანგივით მოუტრიალდეს თავად ორგანიზატორსო და ვარდების რევოლუციის შემდეგ ახალი ხაზი, ახალი რიტორიკა შეარჩიეს, რაღაც „ინტერნაციონალური პროლეტარიატისთვის“ დამახასიათებელი – თითქოს, მთელს ამ ბოროტებაში, ქართველი ხალხი ნაკლებად იყო დამნაშავე, მთავარი ბოროტმოქმედი საქართველოს ხელისუფლება გახლდათ, რადგან მათ „ამერიკას მიჰყიდეს სული“. ასეთი რიტორიკა დაგვიანებული აღმოჩნდა, რუსები ღრმად არიან დარწმუნებულნი ქართველების ბოროტებაში და დღეს, რუსეთში დაბადებულ ქართველსაც კი უწევს თავისი კეთილშობილების დამტკიცება.

20. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

russian-bomb-in-poti_57d1502e45659

ფოთი, 2008

2008 წლის ზაფხულში ე.წ სამხრეთ ოსეთში მთელი ზაფხულის განმავლობაში აფეთქებებისა და სროლების სერია მიმდინარეობდა. აგვისტოში გაიცა ბრძანება ცხინვალის მოსახლეობის ევაკუირების შესახებ, ისინი ვლადიკავკაზის მიმართულებით, ანუ რუსეთში გაიყვანეს.

ამის პარალელურად რუსეთის მხრიდან აქტიურად ხდებოდა ომის პროპაგანდა. საქართველოს მთავრობა პირველად 3 აგვისტოს შეიკრიბა, რათა კრიზისული მდგომარეობის შესახებ ემსჯელათ. პრეზიდენტის რწმუნებულმა მთავარსარდალს აცნობა, რომ მიმდინარეობდა ცხინვალელების ევაკუირება ვლადიკავკაზის მიმართულებით და რომ ამ პროცესს ორმოცდაათამდე რუსი ჟურნალისტი აშუქებდა.

მომდევნო ორი დღის განმავლობაში – 4 და 5 აგვისტოს ოსი სეპარატისტების მხრიდან მიმდინარეობდა ქართული არმიისა და სოფლების აქტიური დაბომბვა.

6 აგვისტოს, ე.წ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითმა გასცა ბრძანება, რომ ოსური სოფლები ქართველი მოსახლეობისგან გაეწმინდათ.

6 აგვისტოს ღამეს, რუსეთის რეგულარულმა არმიამ, პირველად 1990 წლის შემდეგ, კონტროლის ქვეშ აიყვანა როკის გვირაბის გასასვლელი.

7 აგვისტოს, დილით, რუსული ტანკების კოლონამ წარმატებით გადმოკვეთა როკის გვირაბი და გეზი საქართველოსკენ აიღო.

ქართული არმიის პოზიციების დაბომბვა მიმდინარეობდა არამხოლოდ ოსეთის მხრიდან, არამედ იმ ტერიტორიებიდანაც, სადაც ე.წ რუსეთი „სამშვიდობო ძალები“ იყო განლაგებული.

მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსეთმა შეძლო საქართველოს ტერიტორიაზე სამ ათასამდე მძიმე ტექნიკის, ამდენივე სატვირთო მანქანის და 35 ათასზე მეტი ჯარისკაცის შეყვანა.

გაეროს მონაცემებით, ე.წ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში – ცხინვალში – განადგურებულ იქნა შენობების 5%, ხოლო საქართველოს სოფლებში 30-დან 50%-მდე. ბომბდამშენების მიზანში ამოღებული იყო მთელი საქართველოს ტერიტორია, მათ შორის დასახლებული ადგილებიც.

რუსეთის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ საომარი ვითარებების დაწყება გამოიწვია 8 აგვისტოს საქართველოს მხრიდან „სამხრეთ ოსეთის“ 2 ათასი მოქალაქის მკვლელობამ. სულ მალე, ეს ციფრი ორასამდე შემცირდა, ხოლო კიდევ უფრო მალე – Human Rigts Watch-ის მონაცემებით 43 ადამიანამდე.

2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გასცა ბრძანება, რომ ქართულ არმიას ქალაქ ცხინვალის ქუჩები დაეკავებინა, საიდანაც მიმდინარეობდა ოსების მხრიდან დაბომბვები. ეს ბრძანება საქართველოს პრეზიდენტმა შემდეგი სიტყვებით ახსნა:

„ჩვენი მიზანი იყო იმ ტერიტორიების ნეიტრალიზება, საიდანაც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენი ბაზების, არმიისა და სოფლების დაბომბვა. ეს სოფლები ჩვენი კონტროლის ზონას ექვემდებარებოდა. გარდა ამისა, გვსურდა ჩვენსკენ წამოსული რუსული შეიარაღებული ძალების შეჩერება, რომლებიც 20 საათით ადრე შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, როკის გვირაბის გავლით. რუსეთის მტკიცების საპირისპიროდ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იყო ძალისმიერი მოქმედება „სამხრეთ ოსეთის“ იმ ტერიტორიების დასაბრუნებლად, რომელზეც კონტროლი დავკარგეთ, ეს არ იყო „იმპულსური მოქმედება“ ჩვენთვის არასასურველი სიტუაციის შესაჩერებლად, რომელიც „სამხრეთ ოსეთში“ შეიქმნა. ეს იყო რუსეთის საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრასა და საომარი მოქმედებების წამოწყებაზე საპასუხო რეაქცია. 2008 წელს ჩვენ არ ვიყავით მზად ომისთვის – ჩვენი საუკეთესო დანაყოფები, იმ ხანად, იმყოფებოდნენ ერაყსა და ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.“

საქართველოს სპეციალურმა სამსახურებმა მოიპოვეს სატელეფონო ჩანაწერები, რომლებიც აღწერდა ოსი მეომრების საუბარს რუს ოფიცრებთან, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ 7 აგვისტოს, გამთენიისას რუსული ჯავშან-ტექნიკა როკის გვირაბით გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოდიოდა. ეს ჩანაწერები საქართველომ დასავლელ პარტნიორებსაც გადასცა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. ამერიკულმა ცნობილმა გაზეთმა The New York Times-მა ჩაატარა გამოძიება, რომლის შედეგადაც ამ ჩანაწერების ავთენტურობა დადგინდა. ამერიკელ ჟურნალისტებმა ისიც კი შეძლეს, რომ იპოვეს ის რუსი და ოსი ოფიცრები, რომელთა ხმაც ამ ჩანაწერში ისმოდა.

რუსულმა მხარემ დაადასტურა ამ საუბრის არსებობა, თუმცა მაინც არ აღიარა, რომ ეს იყო საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოჭრა. მათი განმარტებით, დაგეგმილი იყო „სამშვიდობო ძალების“ ჩვეულებრივი როტაცია და სწორედ ამაზე მიდიოდა საუბარი. სინამდვილეში, თავად რუსეთის მიერ წარმოდგენილი კალენდრის მიხედვით, „სამშვიდობო ძალების“ როტაცია რამდენიმე თვით გვიან იგეგმებოდა, თანაც როტაცია არ საჭიროებდა ამ რაოდენობის ტანკებისა და მძიმე ტექნიკის შემოყვანას.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ 2008 წლის აგვისტოში მოხდა „დაუფიქრებელი თავდასხმა საქართველოს მხრიდან“, რასაც მოჰყვა „არაადეკვატური“ რეაქცია რუსეთის მხრიდან, ხოლო თუ პირდაპირ ვიტყვით – მოხდა რუსეთის მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონო შეჭრა და საომარი მოქმედებების წამოწყება, რასაც საქართველომ კონტრშეტევით უპასუხა.

ომის მიმდინარეობისას რუსეთი ბომბავდა არამხოლოდ სამხედრო ბაზებს, არამედ სკოლებს, საავადმყოფოებს, ქალაქებს, დასახლებულ პუნქტებს, სოფლებს და ა.შ. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთი იყენებდა კასეტურ ბომბებს, რომლის გამოყენებაც საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია. რუსული არმია ძალადობდა მოქალაქეებზე, ძარცვავდა მათ და მარადიორობდა. რუსულმა არმიამ გადაწვა ბორჯომის ეროვნული პარკი, ეკლესიებიდან აძევებდნენ მღვდლებსა და მონაზვნებს. რუსი ჯარისკაცები განაგრძობდნენ აგრესიას მას შემდეგაც, რაც ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.

ამ ომს შედეგად მოჰყვა 158 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი, ასობით დაღუპული ჯარისკაცი და მიწასთან გასწორებული რამდენიმე ქალაქი და სოფელი.

დასკვნები:

ყველაფერ ამის შემდეგ, ნებისმიერი საუბარი ქართველებისა და რუსების „ძმობაზე“ არის მხოლოდ და მხოლოდ ფარისევლობა და დიდი ტყუილი. ძმობას რომ თავი დავანებოთ, ცუდი მეგობრებიც კი არ იქცევიან ისე, როგორც რუსეთი ექცევა საქართველოს.